logo
ENG



"ბადებს გაუგებრობას, ართულებს ვითარებას" - საპატრიარქო კირილესგან გაგლოევისთვის მილოცვაზე

16 მაი 202214:30
3 წუთის საკითხავი
 
"ბადებს გაუგებრობას, ართულებს ვითარებას" - საპატრიარქო კირილესგან გაგლოევისთვის მილოცვაზე

საქართველოს საპატრიარქო ამბობს, რომ "ბადებს გაუგებრობას და ართულებს ვითარებას" რუსეთის პატრიარქ კირილეს მიერ ალან გაგლოევისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საპრეზიდენტი არჩევნებში" გამარჯვების მილოცვა.

"მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი, ე.წ. არჩევნებში მის გამარჯვებასთან დაკავშირებით.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი ბადებს გაუგებრობას, რადგან

ა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ბ. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად.

სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.

8 მაისს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია ნიხასის ლიდერმა ალან გაგლოევმა გაიმარჯვა. პატრიარქმა კირილემ მას გამარჯვება 13 მაისს მიულოცა.


close დახურვა